ენსო
ელ-ნინიო – სამხრეთის რხევის კლიმატური მოვლენის საერთაშორისოდ გამოყენებული აკრონიმი (El Niño - Southern Oscillation, ინგლისურად). ეს ბუნებრივი მოვლენა ატმოსფეროსა და ოკეანეს შორის ურთიერთკავშირის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა. ეს არის მსხვილმასშტაბიანი ბიმოდალური რხევა, რომლის უარყოფითი ფაზაა ელ-ნინიო, ხოლო დადებითი - ლა-ნინია. ENSO-ს ეპიზოდის დასაწყისს აღნიშნავს ზედაპირული წნევის მნიშვნელოვანი ანომალიები ტაიტისა (საფრანგეთის პოლინეზია) და დარვინს (ჩრდილოეთ ავსტრალია) შორის, აგრეთვე ზღვის ზედაპირის ტემპერატურისა ეკვატორული წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ზოლში. კლიმატოლოგიაში ე.წ. სამხრეთის რხევის ინდექსი (ცნობილი როგორც SOI) გამოიყენება იმის დასადგენად, როდის იწყება ENSO-ს მოცემული ფაზა. ეს ინდექსი განისაზღვრება ზემოხსენებულ ადგილებში გაზომილი ატმოსფერული წნევების სტანდარტიზებული სხვაობით. ნორმალურ პირობებში - ნეიტრალური ENSO-ს დროს - დარვინში წნევა ტაიტიზე დაბალია, რაც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმართულ ჰაერის დინებას (პასატების რეჟიმი) ინარჩუნებს; ის წყლის ორთქლის დიდ რაოდენობას გადააქვს წყნარი ოკეანის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოშობს ჩრდილოეთ ავსტრალიისთვის, მეზობელი პაპუა-ახალი გვინეისა და ინდონეზიისთვის დამახასიათებელ წვიმიან ამინდს. ელ-ნინიოს პირობებში აუზის ორივე მხარეს წნევათა სხვაობა სუსტდება, პასატებიც სუსტდება, ტენიანი ჰაერის აღმავალი დინებები მცირდება და ოკეანის დინებები იცვლება; ზემოხსენებულ ზოლში ზღვის ზედაპირული წყალი თბება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ცვლის ქარების სურათს და ნალექების რეჟიმს მთელ წყნარი ოკეანის რეგიონში. სანამ ავსტრალიაში გვალვებია, აუზის მეორე მხარეს, სამხრეთ ამერიკის ეკვატორული ზოლის დასავლეთ სანაპიროზე, მოდის კოკისპირული წვიმები, რომლებიც წყალდიდობებს იწვევს. ლა-ნინიას მოვლენის დროს (ENSO-ს დადებითი ანუ ცივი ფაზა) ზუსტად საპირისპირო ხდება. ორივე ფაზაში ENSO-ს გავლენა არ შემოიფარგლება წყნარი ოკეანის აუზით: მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონშიც იგრძნობა მისი ეფექტები.