ცისარტყელა
ეს უდავოდ ყველაზე ცნობილი და ყველაზე ეფექტური ოპტიკური მოვლენაა ატმოსფეროში მიმდინარე ყველა მოვლენას შორის. მოვლენის სახელწოდება ეხება ქალღმერთ ირისს, რომელიც ძველ საბერძნეთში ღმერთების შუამავლად ითვლებოდა. მისი მიმოსვლა ოლიმპოს - ღმერთების სამყოფელსა - და მიწიერ სამყაროს - სადაც ჩვენ, ადამიანები, ვცხოვრობთ - შორის კარგად აისახება ცისარტყელაში და მის თვალსაჩინო კავშირში ცასა და მიწას შორის. მისი განსაზღვრა შეიძლება, როგორც დიდი, ნახევარწრიული მნათი ზოლისა, ან მისი ნაწილისა, რომელიც წარმოიქმნება ერთმანეთზე გადაფარული კონცენტრული რკალების ერთობლიობით, რომლებიც სინათლის ხილული სპექტრის ფერებს ავლენენ. წითელი ფერი ცისარტყელას ზედა კიდეზე ჩნდება, ხოლო იისფერი - ქვედაზე. ეს აღწერა პირველადი, ანუ მთავარი ცისარტყელას შეესაბამება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება მეორადი ცისარტყელა და სუპერნუმერარული რკალებიც ჩანდეს. ყველა მათგანის გამოჩენა გამოწვეულია სინათლის გარდატეხის, არეკვლის, დიფრაქციისა და ინტერფერენციის მოვლენებით, როდესაც ის მზის ან მთვარის მიერ განათებულ წვიმის წვეთების ფარდაში გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ცისარტყელას შვიდ ფერზე ლაპარაკობენ, სინამდვილეში მრავალფერადი ზოლი კონტინუუმისგან შედგება, ამიტომ ეს დაყოფა თვითნებურია.