გვალვა

ხანგრძლივი პერიოდი ნალექების გარეშე ან ნალექების გამოხატული დეფიციტით, რომელიც სერიოზულ ჰიდროლოგიურ დისბალანსს იწვევს. გვალვებს ახასიათებს ანომალურად მშრალი ამინდის შენარჩუნება, რომლის დროსაც ნალექების მნიშვნელობები საშუალოზე დაბლა რჩება. ნებისმიერი გვალვის საწყისი მიზეზი ნალექების სიმცირეა (მეტეოროლოგიური გვალვა), რასაც მოჰყვება ნიადაგის ტენიანობის დეფიციტი (აგრარული გვალვა), რაც უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალზე და ცვლის სხვადასხვა ეკოსისტემას. ამ მეორე ფაზას მოსდევს მესამე და ბოლო ფაზა, როდესაც არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო წყლის რესურსები არასაკმარისი ხდება (ჰიდროლოგიური გვალვა). არ არსებობს გვალვის ერთადერთი, უნივერსალური განმარტება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა მის დაწყებას და დასრულებას, ისევე როგორც მის ინტენსივობას, რადგან ადგილმდებარეობის (განსხვავებული კლიმატური რეალობა) და წყლის გამოყენების მიხედვით მისი გაგება და აღქმა განსხვავებულია. სამეცნიერო ლიტერატურაში გვალვის ასზე მეტი განსხვავებული განმარტებაა, რაც წარმოდგენას გვაძლევს მისი დახასიათების სირთულეზე.

დაკავშირებული ტერმინები: არიდულობა