ეგზოსფერო
ატმოსფეროს უკიდურესი გარე ფენა, ზუსტად განსაზღვრული საზღვრების გარეშე. უმეტესი ავტორი მას 500-სა და 10000 კილომეტრ სიმაღლეს შორის ათავსებს, თუმცა ერთსულოვანი შეთანხმება არ არსებობს. SOHO-ს (მზისა და ჰელიოსფეროს ობსერვატორია) მიერ 1990-იან წლებში აღებული მონაცემების ბოლოდროინდელმა ანალიზმა გამოავლინა ატმოსფერული წარმოშობის ნეიტრალური წყალბადის ატომების არსებობა დედამიწის ზედაპირიდან 630000 კილომეტრის მანძილზე. ეგზოსფეროში ჰაერის სიმკვრივე ძალიან დაბალია - პრაქტიკული თვალსაზრისით უმნიშვნელო -, ამ უკიდურესად გაიშვიათებული ჰაერის აირისებრ მოლეკულებს შორის თითქმის არ ხდება შეჯახებები, ზოგიერთი მათგანი - ყველაზე მსუბუქები - კი დედამიწის მიზიდულობის ველს გაურბის. მეტეოროლოგიაში ჩვეულებრივ ატმოსფეროს ზედა საზღვრად 300 კილომეტრის სიმაღლე მიიჩნევა, ამიტომ ზემოთ მდებარე სივრცე ვაკუუმად ითვლება. თავის მხრივ, საერთაშორისო აერონავტიკის ფედერაცია ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვარს მხოლოდ 100 კმ-ზე ადგენს, რასაც კარმანის ხაზი ეწოდება.