გლორია
ატმოსფერული ოპტიკური მოვლენა, რომელიც შედგება ცისარტყელასებრი რგოლების ერთი ან რამდენიმე სერიისგან, რომლებსაც დამკვირვებელი საკუთარი ჩრდილის გარშემო ხედავს, როდესაც ის მხოლოდ წყლის წვრილი წვეთებისგან შემდგარ ღრუბელზე პროეცირდება. ზოგჯერ მისი დაკვირვება თოვლზე და ნამზეც შეიძლება. ის წარმოიქმნება წვეთებზე დაცემული სინათლის უკუგაბნევის შედეგად, რომელშიც სინათლის არეკვლა, გარდატეხა და დიფრაქცია ერთიანდება. გლორიის კუთხური დიამეტრი - ცისარტყელასთან შედარებით ბევრად მცირე - უკუპროპორციულია წვეთების დიამეტრისა. წვეთების ზომების მეტ-ნაკლები ერთგვაროვნება განსაზღვრავს, ერთ სერიას ვხედავთ რგოლებისას თუ რამდენიმეს. ჩრდილის მომცემი ობიექტის კიდეებზე სინათლის დიფრაქციისას წარმოქმნილი ინტერფერენციული მოვლენები განაპირობებს ცალკეული მანათობელი ზოლების გაჩენას. ერთ-ერთი სიტუაცია, როდესაც გლორიის დანახვა შეგვიძლია, არის თვითმფრინავით მოგზაურობა, როცა ის ღრუბლების ზღვაზე დაფრინავს. თუ თვითმფრინავი ამ ღრუბლის ფენაზე ჩრდილს აგდებს, გვექნება კარგი შანსი, რომ მის გარშემო გლორია დავინახოთ. ამ მოვლენას ასევე ულოას რგოლს, წრეს, გვირგვინს ან ჰალოს უწოდებენ ესპანელი მეზღვაურის, ანტონიო დე ულოას (1716-1795) პატივსაცემად, რომელმაც პირველმა გააკეთა მისი მეცნიერული აღწერა. რადგან ის ანტისოლარულ წერტილზეა ცენტრირებული, მას ასევე ანტჰელიონსაც უწოდებენ.