მჟავა წვიმა
წვიმა, რომლის წვეთები შეიცავს გახსნილ მჟავებს წყლის ჰაერში არსებულ დამაბინძურებელ აირებთან ქიმიური შერწყმის შედეგად. მაშასადამე, მჟავა წვიმა ატმოსფეროს დაბინძურების შედეგია. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ბუნებრივი მიზეზებით (ვულკანური ამოფრქვევები), ისე ანთროპოგენულით (ატმოსფერული ემისიები). როგორც აზოტის ოქსიდები (NOx), ისე გოგირდის შემცველი სხვადასხვა აირი, რომლებიც ნახშირისა და სხვა წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება, ატმოსფეროში არსებულ წყლის ორთქლთან რეაქციისას წარმოქმნიან სხვადასხვა მჟავას, როგორიცაა აზოტმჟავა (HNO3), გოგირდმჟავა (H2 SO4) ან გოგირდოვანი მჟავა (H2 SO3), რომლებიც ერთვება ღრუბლის წვეთებში და იქიდან მათში წარმოქმნილ სხვადასხვა ჰიდრომეტეორში. როდესაც მჟავა წვიმა (ან თოვლი) დედამიწის ზედაპირზე მოდის, ეს ქიმიური ნივთიერებები მასზე ილექება, რაც იწვევს მცენარეულობის დაზიანებას, ნიადაგისა და წყლის მჟავიანობის ზრდას.