მეთანი (CH4)

ატმოსფეროში არსებული აირისებრი ნახშირწყალბადი. ის წყლის ორთქლის შემდეგ მეორე მიკროაირია, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს დედამიწის სათბურის ეფექტს. მისი წარმოშობა როგორც ბუნებრივია, ისე ანთროპოგენული. ის წარმოიქმნება მცენარეული წარმოშობის ორგანული ნივთიერებების დაშლით და დიდი რაოდენობით გენერირდება ჭაობებსა და დაჭაობებულ ადგილებში. მცოხნავი ცხოველებიც ემისიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. ეს უფერო, აალებადი აირი ბუნებრივი აირის მთავარი კომპონენტია და ასევე დანარჩენი წიაღისეული საწვავის ნაწილია.