ჰოლოცენი
მიმდინარე ინტერგლაციალური პერიოდი და მეოთხეული პერიოდის მეორე ეპოქა (პირველი პლეისტოცენია), რომელიც 11 700 წლის წინ იწყება და დღემდე გრძელდება (1950 წლამდე, განსაზღვრებით). ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ჰოლოცენი დასრულდა და ადგილი დაუთმო ახალ გეოლოგიურ ეპოქას, სახელწოდებით ანთროპოცენი, თუმცა ამჟამად გეოლოგიურ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირს ის ქრონოსტრატიგრაფიულ სკალაში არ შეუტანია, რომელიც დედამიწის გეოლოგიური დროის ყველა ოფიციალურ დანაყოფს ადგენს.